რა არის არაფორმალური განათლება?
არაფორმალური განათლება არის მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას. არაფორმალური განათლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, რომლის დროსაც პიროვნებას არსებული რესურსებისა და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად (ტრენინგები, სემინარები, ოჯახი, მეზობლები, სამსახური და ა.შ.) უყალიბდება დამოკიდებულებები, ფასეულობები, უნარ-ჩვევები და ცოდნა.
რას გულისხმობს არაფორმალური განათლების აღიარება?
არაფორმალური განათლების აღიარება პირს აძლევს შესაძლებლობას მოახდინოს არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნის აღიარება, მიიღოს სრული კვალიფიკაცია (შესაბამისად სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან დააგროვოს კრედიტები კვალიფიკაციის სამომავლოდ მისაღებად. არაფორმალური განათლების აღიარების მიზანია არაფორმალური განათლების აღიარების მსურველი პირისთვის, ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება:
- ➢ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობისთვის;
- ➢ პიროვნული განვითარების ხელშეწყობისთვის;
- ➢ სწავლის გაგრძელების ხელშეწყობისთვის;
- ➢ კვალიფიკაციის მინიჭების ხელშეწყობისთვის;
- ➢ დასაქმების ხელშეწყობისთვის;
- ➢ კარიერული ზრდის ხელშეწყობისთვის;
- ➢ თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის.
არაფორმალური განათლების აღიარება ხორციელდება იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მოპოვებული აქვს კოლეჯს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
არაფორმალური განათლების აღიარების პროცესები მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- ➢ მაძიებლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადებით მიმართვა;
- ➢ მაძიებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
- ➢ მაძიებლის შეფასება;
- ➢ მაძიებლის განაცხადის საპასუხო გადაწყვეტილების მიღება.
არაფორმალური განათლების აღიარების პროცესში ჩართული პირები:
- ➢ დაინტერესებული პირი/მაძიებელი;
- ➢ პირველად კონსულტაციაზე პასუხისმგებელი პირი;
- ➢ არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტი;
- ➢ აღიარების კომისიის წევრები;
- ➢ საგამოცდო კომისიის წევრები (არსებობის შემთხვევაში);
- ➢ სააპელაციო კომისიის წევრები (არსებობის შემთხვევაში);
- ➢ დირექტორის მოადგილე;
- ➢ კოლეჯის სხვა თანამშრომლები ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისად.
ვინ არის მაძიებელი?
პირი, რომელიც დაინტერესებულია არაფორმალური განათლების აღიარებით მოვიხსენიებთ როგორც „მაძიებელს“. არაფორმალური განათლების აღიარებით შეიძლება დაინტერესდნენ:
- ➢ პირები, რომლებიც საგანმანათლებლო სისტემის გარკვეული პერიოდით მიტოვების შემდეგ კვლავ უბრუნდებიან;
- ➢ უმუშევარი პირები, რომელთაც სჭირდებათ საკუთარი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების დემონსტრირება/დადასტურება დამსაქმებლებთან;
- ➢ პირები, რომელთაც არ გააჩნიათ ფორმალური კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ➢ პირები, რომლებმაც მიიღეს არაფორმალური განათლება სამუშაო ადგილზე და სხვა.
ვინ არის კონსულტანტი
პირი, რომელსაც აქვს საჭირო ცოდნა და უნარები, რათა მაძიებელს გაუწიოს სათანადო კონსულტაცია საჭირო მტკიცებულებების შეგროვების/შექმნის შესახებ მოვიხსენიებთ როგორც „კოსულტანტს“. კონსულტანტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი (მენეჯერი, ხელმძღვანელი, მენტორი, გამოცდილი კოლეგა, მასწავლებელი ან ინსტრუქტორი). კონსულტანტი უნდა იყოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად სერტიფიცირებული პირი.
კონსულტანტი უზრუნველყოფს მაძიებლის კონსულტირებას:
- ➢ არაფორმალური განათლების აღიარების მიზნების შესახებ;
- ➢ არაფორმალური განათლების აღიარებისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის, პროცედურების, ეტაპებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
- ➢ არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესახებ.
რა დოკუმენტი გაიცემა აღიარების საფუძველზე?
- ➢ მოდულით/მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში – სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი;
- ➢ მოდულით/მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების სრულად ვერ დადასტურების შემთხვევაში – ცნობა დადასტურებული სწავლის შედეგების შესახებ.
მაძიებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიღწევისთვის აუცილებელი სწავლის შედეგების სრულად დადასტურების შემთხვევაში დაწესებულება გასცემს კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომსა და დიპლომის დანართს.
რა დრო დასჭირდება გადაწყვეტილების მიღებას?
- ➢ არაფორმალური განათლების აღიარების შესახებ მაძიებლის განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
- ➢ დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს მაძიებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
არაფორმალური განათლების აღიარების მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი
- ➢ კონსულტანტის მიერ წინასწარი კონსულტაციის გაწევა – 100 ლარი;
- ➢ განაცხადის განხილვა – 150 ლარი;
- ➢ კონსულტანტის მომსახურება, აღიარების კომისიის მომსახურება, პროცესის ადმინისტრირება – არანაკლებ 500 ლარი (გადახდა მოხდება ინფორმირებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში);
- ➢ საგამოცდო კომისიის წევრების მომსახურება, მატერიალური რესურსის ცვეთა და მასალა-ნედლეული – ინდივიდუალურად განისაზღვრება.